ნარმანია: არ მოვასვენებთ არცერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ

19/01/2016

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღმაშენებლის გამზირისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრეს.

ნარმანიას თქმით, მისი და გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებები იდენტურია.

„პრემიერის და ჩემი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პროექტები სწრაფად უნდა განვახორციელოთ.

2016 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება პროექტებით. არ მოვასვენებთ არცერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველა პროექტი.

კომპანიებთან მიმართებაში მკაცრდება ხელშეკრულებები იმისთვის, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ   საქმეს“, – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისში ახალი პროექტების განხორციელებასა და დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებზე სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა.

პრემიერმა თბილისის მერიის წარმომადგენლების მხრიდან ქალაქში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს პროექტების განხორციელების ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლის გამკაცრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0