ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გრიბოედოვის ქუჩის მრავალბინიანი კორპუსები წლების მანძილზე იტბორებოდა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ხსენებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება. ჯებირების პარალელურად ამავე ტერიტორიაზე, სანაპიროს ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნული ქუჩა შემოვლითი გზის ფუნქციას შეითავსებს, რითაც ქალაქში მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება. მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მოინახულეს.
” მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი სამუშაოები გრძელდება, რისი დასრულების შემდგომაც, პარალელურ რეჟიმში, შემოვლითი გზა გაიხსნება. ამჟამად აღნიშნული გზის მოასფალტების სამუშაოებიც მიმდინარეობს და ჩვენი ქალაქისათვის ორივე პროექტი უმნიშვნელოვანესია. ერთის მხრივ, დატბორვის საფრთხისაგან დაცული იქნება გრობოედოვის ქუჩის მრავალბინიანი კორპუსები და მეორეს მხრივ, შემოვლითი გზის საშუალებით ქალაქის ცენტრი სატვირთო მანქანების მოძრაობისაგან განიტვირთება”- განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.
გელა კობალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე: ” შარშანდელმა სტიქიამ მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირი მთლიანად დააზიანა, რამაც გზის ჩავარდნა და გრიბოედოვის ქუჩაზე არსებული კორპუსების დატბორვა გამოიწვია. ჩვენ გავაკეთეთ სანიაღვრე არხები, რომელიც მდინარე ბჟუჟს შეუერთდება და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობის შემდგომ, აღნიშნულ ტერიტორიას სტიქიის საფრთხე უკვე აღარ დაემუქრება“ მდინარე ბჟუჟზე მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.