ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება

29/04/2021

ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, რომელიც ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილულ იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0