„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე თვეში უკვე გვექნება კომფორტული, ახალი ტერმინალი“ – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ესტუმრა. ნათია თურნავამ და კელი დეგნანმა აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაათვალიერა
30/07/2020