მცხეთა-მთიანეთისა და რიგის რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი

15/10/2018

ქალაქ მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთისა და რიგის რეგიონების ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში ქართულ-ლატვიური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს რეგიონების საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით კონკრეტული შეთავაზებები გააკეთეს და რეგიონების განვითარების მათეულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ფორუმს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს და ლატვიის სამთავრობო და ბიზნეს-წრეებისა და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მხარის გუბერნატორის განცხადებით ეკონომიკური ფორუმი კარგი შესაძლებლობაა ქართული ბიზნეს და სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლებისთვის საკუთარი ბიზნეს კონტაქტები გააფართოვონ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროგრამები და პროექტები განახორციელონ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ ტიპის სასიკეთო წამოწყებების განხორციელებას.
ფორუმის მსვლელობისას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და რიგის რეგიონის განვითარების საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0