მცხეთაში 120 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადაეცემა

08/05/2019

მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 კორპუსი აშენდა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. დასრულებული კორპუსები დაათვალიერეს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0