მცირე და საშუალო ბიზნესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სექტორია

28/03/2022

კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევებისა და ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ ჩატარებული თემატური მოკვლევის ანგარიში მოისმინეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. ანგარიში, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ჩაატარა, სხდომაზე ექსპერტმა ანა ქათამიძემ წარადგინა. მომხსენებელმა ისაუბრა მოკვლევის მიზნებზე, რომელიც გლობალური პანდემიის შედეგად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე წარმოშობილი სირთულეების გამოვლენას ითვალისწინებდა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ეკონომიკის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების საპასუხოდ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად შექმნილ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე. ანგარიშში ასახული იყო ინფორმაცია მოკვლევის ფარგლებში გაკეთებული მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების შედეგებზე და მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც შესასრულებლად სხვადასხვა უწყებებს გადაეგზავნებათ. კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო. სხდომაზე მოისმინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიში. ანგარიში შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა ბექა ფერაძემ წარადგინა. ანგარიშში ასახულია შრომის უფლებების დაცვის, ღირსეული, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნისა და შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით გაწეული საქმიანობა. მომხსენებელმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

„შრომის ინსპექციის სამსახურის გუნდი ყოველდღიურად იბრძვის, რათა ქვეყანაში დამკვიდრდეს ღირსეული შრომის კულტურა. თითოეულ დასაქმებულამდე მივიტანოთ ყველა ის სიკეთე, რაც საერთაშორისოდ აღიარებული შრომითი პრინციპების განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0