გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებენ, რომელიც ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით.
პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. სხვადასხვა რეგიონის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნილს სკოტი, მცირე გრანტების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად შეხვდნენ.
მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპზე გამოყოფილი 400 000 აშშ დოლარი ლანდშაფტურ მიდგომებზე დაფუძნებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
საქართველოში სამიზნე ლანდშაფტებს წარმოადგენს დიდი და მცირე კავკასიონის მაღალმთა, შავი ზღვის სანაპირო და სემიარიდული ანუ ნახევრად უდაბნოს ზონა. ადგილობრივი პროექტები დაფინანსდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლანდშაფტების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა და სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მართვა. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება. გაცემული გრანტების ოდენობამ 750 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ მოზიდულმა თანადაფინანსებამ – 938 ათასი აშშ დოლარი.
წარმატებულ პროექტებს შორისაა კოლხური ხოხბის აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში; ქიმიური ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა ხარაგაულში; დეგრადირებული ნიადაგის აღდგენა თუშეთსა და ჭიათურაში; მდინარეების ალაზანისა და ილტოს მიმდებარე სოფლების დაცვა წყალდიდობებისგან.
მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებენ
30/11/2016