მშვიდობის მემორანდუმი პარტიებისთვის ტესტია

20/09/2016

მშვიდობის მემორანდუმი პარტიებისთვის ტესტია, თუ რა ინტერესები აქვთ მათ, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა.

”ეს კეთდება არა თავად პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოებას ყველა პარტიამ საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი მაგალითი აჩვენოს. მემორანდუმზე ხელმოწერის ინიციატივა არ არის იმისთვის, რომ რომელიმე პარტიას საკუთარი თავის ინიციატორად წამოჩენა სურს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

“ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ მშვიდობის მემორანდუმს დღეს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს. როგორც ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, მემორანდუმში დასმულ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, რომ იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, სხვა პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მოვიდნენ. კობახიძის აზრით, ასეთ შემთხვევაში პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიები ”ქართული ოცნების” შეთავაზებას შეუერთდებიან და მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

”მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით ჩვენი ლიდერი გამოვიდა, რადგან პირდაპირ ვართ დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმის გაფორმება. მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია. ძალადობის პროვoცირების მთავარი ინსტრუმენტია კონტრაქციები. აქედან გამომდინარე, გვინდა რომ ყველა საარჩევნო სუბიექტმა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონტაქციები არ შედგება. ჩვენ არაფერი გვესაქმება იქ, სადაც აგიტაციას სხვა ატარებს. ჩვენი ამოცანაა დისტანცირება სხვისი აგიტაციისგან. იმედი გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც ანალოგიურ მიდგომას დააფიქსირებენ. მემორანდუმთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება”, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0