თბილისის მერია მყარი ნარჩენების მართვის პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახორციელებს. შეთანხმებას ხელი დღეს ფინანსთა სამინისტროში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის რეგიონული ოფისის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს. დღესვე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფინანსთა სამინისტროსა და EBRD-ს შორის, რომლის ფარგლებში 15 მილიონი ევრო სწორედ მყარი ნარჩენების პროექტის განხორციელებას მოხმარდება. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესებას; დედაქალაქის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის შემუშავებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართულები იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის ექპერტები.
„ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი EBRD-ს, ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის, რომლის ფარგლებში დიდი ოდენობით განახლდება ის ტექნიკა, რომლითაც ქალაქი ემსახურება ნარჩენების დასუფთავებას. შეძენილი იქნება სრულიად ახალი დამგველი მექანიკური საშუალებები და ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა გადამტვირთი სადგურების რეაბილიტაციას. ეს EBRD-თან თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია, რაც დიდწილად წაადგება ჩვენს ქალაქში სისუფთავისა და ნარჩენების სწორი მართვის მექანიზმების დანერგვას“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
პროექტის მნიშვნელობა პოზიტიურად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული ოფისის დირექტორმაც. ბრუნო ბალვანერას თქმით, ხელშეკრულება მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
„ხელი შეეწყობა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენების დახარისხების შესაძლებლობების მოდერნიზებას, გადამუშავებასა და მართვას. ეს გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხანგრძლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
და ახლა მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სესხის ხელშეკრულებას, სესხი განკუთვნილია საქართველოს სახელმწიფოსთვის, ამიტომ შეთანხმებას ხელი მოვაწერე ფინანსთა მინისტრთან ერთად. ვინაიდან შემდგომში იგი ქალაქ თბილისზე უნდა გაიცეს, ხელი მოვაწერე თბილისის მერის მოადგილესთან და ასევე, რადგან მისი საბოლოო მომხმარებელი არის „თბილსერვის ჯგუფი“, ხელი მოვაწერე თბილსერვისის დირექტორთან ერთად“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
დედაქალაქის მერიის მიზანია, ნარჩენების მართვის სისტემა ძალიან სწრაფი ტემპით დაუახლოვდეს ევროპულ სისტემას, რომლის ჩამოყალიბებაზე ევროპულმა ქვეყნებმა თითქმის რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყეს ზრუნვა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების ბანკს, ნარჩენების მართვის კუთხით სტანდარტების და აუცილებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თხოვნით 2015 წელს მიმართა, რის შედეგადაც მომზადდა არსებული მდგომარეობის შეფასების ანგარიში და ტექნიკური საპროექტო წინადადება.
საპროექტო წინადადებაში წარმოდგენილია რეკომენდაციები იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული გამოწვევების დაძლევას. კერძოდ, ნაგავმზიდი მანქანების პარკის განახლება (დაახლოებით 80 ერთეული ახალი ნაგავმზიდი და 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა); თბილისის მყარი ნარჩენების (ლილოს) ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის (ლიჩეტის) სისტემის რეაბილიტაცია; ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნარჩენების გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია და ნაგავმზიდი მანქანების გადაიარაღება.