საქართველოს და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში წარმატებით მონაწილე შემოქმედებითი კოლექტივების ხელმღვანელებს ღვაწლი დაუფასდათ. ხელოვანების მოტივაციის ამაღლების მიზნით მუნიციპალიტეტში ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მათთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯილდოს გადაცემას გულისხმობს. საქართველოს მასშტაბით პროგრამა პირველად ბოლნისში დაინერგა, შემოქმედებითი დასის ხელმძღვანელობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი შეხვდა, მიღწეული წარმატებები მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
“ჩვენ წელს საკრებულოში წარვადგინეთ ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წარმატებულ ხელოვანთათვის ჯილდოს გაცემას სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის. ამ წესში გათვალისწინებულია ყველა შესაძლო შემთხვევა. ნებისმიერი სახის კონკურსში გამარჯვება, როგორც რესპუბლიკური, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ითვალისწინებს გარკვეული ჯილდოს გაცემას და ვფიქრობ ეს საკმაოდ კარგი სტიმული იქნება ჩვენი ხელოვანებისათვის. მოგეხსენებათ, ბოლნისი საკმაოდ განებივრებულია კულტურული ღონისძიებებით, თუმცა ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ამ დარგში მოღვაწე ადამიანებს ჰქოდეთ დამატებითი სტიმული განვითარებისათვის”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.