დავით ნოზაძე დაბა თიანეთში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ეტაპობრივად ეცნობა მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. ამჯერად, რეგიონის ხელმძღვანელმა პირმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად, დაბაში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
“თამარ მეფის ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება, დაგეგმილია მეორე ფენის დაგებაც. ჯამში, აქ 1 კმ-ზე მეტი მანძილის გზა კეთილმოეწყობა, თუმცა, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ანალოგიური სამუშაოები სხვა ლოკაციებზეც ინტენსიურად მიმდინარეობს,” – აღნიშნა დავით ნოზაძემ.
დაბა თიანეთში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.