მულახის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

07/07/2016

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ეკა სისაური, სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ნინო გვენცაძე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის სათხილამურო კურორტის ბაზაზე მულახის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მულახის ტერიტორიული ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების წინა მოსამზადებელი სამუშაოების და გასავლელი პროცედურების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელზეც სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მულახის ტერიტორიული ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა.
მოსახლეობას ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გააცნო მთავრობის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც მესტიის მუნიციპალიტეტში (ამ ეტაპზე 4 თემში: იდლიანი, ჭუბერი, ნაკრა, ბეჩო) ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა გამარტივებული წესით დაირეგისტრიროს მფლობელობაში არსებული მიწები.
ძირითადი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა–პასუხის რეჟიმში. მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები მათ ისტორიულ მფლობელობაში არსებული მიწების შესახებ, რომელიც თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობის არეალშია მოქცეული. მოსახლეობის კითხვები ასევე ეხებოდა დანარჩენი მიწების რეგისტრაციის თემასაც. ქალბატონმა ეკამ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად უპასუხა დასმულ კითხვებზე და გააცნო ის პროცედურები რომელთა გავლაც მოუწევს მოსახლეობას მიწების რეგისტრაციის მიზნით.
შეხვედრის შედეგად ორივე მხარე შეთანხმდა, რომ პირველ ეტაპზე დაიწყება მულახის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის სასოფლო–სამეურნეო (სახნავი, სათიბი) მიწის საკადასტრო ნახაზების მომზადება. აღნიშნულ სამუშაოებს უზრუნველყოფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავებს. მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე აღნიშნულ საკითხს ეკონომიკის სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0