მტკვრის სანაპიროზე დასუფთავების აქცია გაიმართა

16/09/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქი კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველო“ შეუერთდნენ.
დასუფთავების აქცია 16 სექტემბერს, ქვემო ფონიჭალაში მტკვრის სანაპიროდან დაიწყო. სამდღიანი კამპანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 000-მდე ლოკაციას მოიცავს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ხელმძღვანელობა დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის კუთხით აქტიურად მუშაობს. თუმცა, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა.
„მტკვრის ადიდების შემდეგ, სანაპიროზე მდინარე ნარჩენებს ტოვებს. თბილისში რამდენიმე ასეთი ადგილია. ვგეგმავთ, ქალაქში, ამ მიმართულებით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ. მაგალითად, მდინარე მტკვარზე დავამონტაჟოთ ნატანდამჭრი მოწყობილობები, შევიძინოთ კატარღა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მტკვრის ზედაპირის დასასუფთავებლად. მაგრამ, ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ, რომ არ დავაბინძუროთ გარემო, მაგრამ თუ მაინც იქნება ასეთი ფაქტი, ერთად დავასუფთაოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დასუფთავების აქციაში თბილისის მერიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლიენი და მოხალისეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებები საქართველოში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ორგანიზებით და თბილისის მერიის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა და ყოველი წლის სექტემბერში ტარდება. საქართველო ამ მოძრაობას 2010 წელს შეუერთდა და ყოველწლიურად, დასუფთავების აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0