მსოფლიოში ხუთი ათასი სასტუმროს ფლობელი ბრენდი საქართველოში რამდენიმე სასტუმროს ააშენებს

29/09/2016

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ შესაძლებლობისთვის, რომლითაც შევძელით აგვეღორძინებინა ეს არაჩვეულებრივი სილამაზის ადგილი“ – ამის შესახებ საერთაშორისო სასტუმროების ქსელის „Louvre Hotels Group“-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა, ამინ მოუკარზელმა ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზას“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
განახლებული სასტუმრო „ფირუზა,“ რომელიც კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალს“ ეკუთვნის, საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც Golden Tulip“-ის ბრენდით დაიწყებს ფუნქციონირებას. Golden Tulip“-ი შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს. „ლუვრის სასტუმროების ჯგუფი“ მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებში, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-2 ადგილზეა. უშუალოდ „Golden Tulip“-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში. Louvre Hotels Group“-ი მსოფლიოს 50 ქვეყანაში ხუთი ათასი სასტუმროს მფლობელია.
„ეს ჩვენს მიერ განხორციელებული პირველი პროექტია საქართველოში, ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა და გვაქვს სურვილი, ჩვენი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს ამ წარმტაცი ბუნების მქონე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი მიზანია საქართველოში 7 სასტუმრო ავაშენოთ. დავიწყეთ ბორჯომით და ახლა თბილისში გადავდივართ“ – განაცხადა ამინ მოუკარზელმა.
„Louvre Hotels Group“-ის რეგიონული პრეზიდენტის თქმით, იგეგმება სასტუმროების აშენება წყალტუბოში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ადგილებში. „ჩვენ გვაქვს სასტუმროების 5000-იანი ქსელი 50-ზე მეტ ქვეყანაში და საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც ასევე განთავსდება ჩვენი სასტუმროები. ჩვენი მიზანია საქართველოში ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი სასტუმროების ქსელი ვიყოთ და მრავალფეროვანი მომსახურება შემოგთავაზოთ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმს, ქვეყანაში მეტი დეველოპერი, მეტი ინვესტორი შემოვა, რაც დადებითად აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე“ – აღნიშნა ამინ მოუკარზელმა.
1892 წელს აშენებული სასტუმრო „ფირუზა,“ რომლის აღდგენა-რესტავრაციისთვის მფლობელმა კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალმა“ ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ბორჯომში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0