საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს. კომიტეტებმა სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.
„მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს კარგად გააზრებულ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მდგრად, სტაბილურ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უზრუნველყოფას, ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლის წარმოჩენას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ამ რთული გამოწვევების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო წარმატებით დაეცვა ქვეყნის ინტერესები, აეცილებინა საფრთხეები და ხელშესახები წარმატება მოეპოვებინა საგარეო ფრონტზე მრავალი მიმართულებით.
„ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებული კომპლექსური რეფორმების შედეგად, 2023 წელს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ. დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია მეტი გააკეთოს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული იქნება შემდგომი პროგრესის მიღწევისა და კანდიდატის სტატუსით მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებისკენ. მისი თქმით, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკის ამოცანად რჩება ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის წარმატება.
„საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს ალიანსში ინტეგრაციის არსებული ძირითადი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის – სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას.
„ძალისხმევა მიმართული იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებისკენ როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ისე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის კუთხით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია საერთაშორისო არენაზე; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო სასამართლოს ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება.
მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, გაგრძელდება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და მათ სტრატეგიულ დონეზე აყვანას. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის გაზრდილი გეოპოლიტიკური და რეგიონული ფუნქციის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთთან სტრატეგიული ხასიათის თანამშრომლობის განვითარება, ყველა იმ მიმართულებით, რაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციით განსაზღვრეს. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლზე.
„საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული „დაკავშირებადობის“ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ და საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად ფორმირებამ, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. მინისტრობის კანდიდატის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და ამ კუთხით სახელმწიფოს მხარდაჭერას.
„საზღვარგარეთ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა ნებისმიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.