მსგავსი მასშტაბის ტრაგედია 4 წელია არ მომხდარა

01/12/2017

„დღეს თბილისში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომლის მსგავსი 4 წელია არ მომხდარა სკოლის მოსწავლეებს შორის.
წარმოუდგენელია დღეს დაღუპული შვილის მშობლები ვანუგეშოთ რაიმე სიტყვით, ასეთ დროს სიტყვებიც ზედმეტია.
საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ყველანი შეძრული ვართ დღევანდელი ტრაგედიით და ვუსამძიმრებთ დაღუპული მოსწავლის ოჯახს, მის მეგობრებს და თითოეულ ახლობელს.
შუადღის შემდეგ, პირადად ხაზზე ვარ როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროებთან. მთავარი ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე მეორე მძიმედ დაჭრილი ბავშვის სიცოცხლისათვის ბრძოლა რჩება, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისევ გრძელდება.
ამ უმძიმესი დღის ფონზეც, ვცდილობთ გავერკვეთ, რა მოხდა და ვადევნებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს ან წინა დღეებში არც 51-ე სკოლის ადმინისტრაციას და არც მანდატურის სამსახურს ეჭვის საფუძველიც არ ჰქონიათ, რომ მოსწავლეებს შეიძლება დაპირისპირება შექმნოდათ 51-ე ან სხვა სკოლის მოსწავლეებთან. უშუალოდ 51-ე სკოლის ტერიტორიაზეც, სწავლის დასრულების შემდეგაც, საყურადღებო არაფერი მომხდარა.
მაგრამ ბუნებრივია, როდესაც სკოლიდან გასვლის შემდეგ შეიძლება ასეთი ტრაგედია დატრიალდეს, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება. უახლოეს დღეებში მე შევხვდები შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებს და ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოება სკოლებისა თუ უნივერსიტეტების შენობების და მიმდებარე ტეროტიროების მიღმაც. სკოლის მიმდებარე ქუჩებიც ჩვენ უფრო მეტად დაცული უნდა გვქონდეს“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0