მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებულ საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტს ეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა დოკუმენტის ძირითადი პრინციპები, მათი მნიშვნელობა და საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხები განიხილეს. დოკუმენტი ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრების მდგრად სარგებლობას განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად. კონცეფციის თანხმად, შეიქმნება საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. ამასთან, როგორც საუბრისას განმარტეს, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები, დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით, სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი გახდება როგორც საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე, იჯარით. საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. კანონმდებლობით განისაზღვრება „სოფლის საძოვრის“ სტატუსი, ასევე, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის ცნება. აგრეთვე, იგეგმება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნა, რომლებსაც სარგებლობაში გადაეცემათ „სოფლის საძოვრები“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონცეფციის თანახმად, იჯარის გამოყენება გათვალისწინებულია ისეთ საძოვრებზე, რომლებიც საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების სარგებლობაში არ იქნება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი განხილვების მოწყობა მნიშვნელოვანია მოსაზრებების შესაჯერებლად და კონცეფციის საბოლოო სახის შესამუშავებლად, ვინაიდან დოკუმენტის ძირითად პრინციპებს სამომავლოდ დაეყრდნობა საქართველოს კანონი საძოვრების შესახებ. სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი კაპანაძე და გოჩა ქავთარაძე, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სააგენტოს სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, მოადგილეები და მერის წარმომადგენლები. ცნობისათვის, „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
მსგავსი განხილვების მოწყობა მნიშვნელოვანია მოსაზრებების შესაჯერებლად
29/03/2023