მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება

05/02/2020

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, კახა კალაძემ ყურადღება ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბაზრობაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება. მისი თქმით, დედაქალაქის მერიას ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან კომუნიკაცია ჰქონდა, რომლის შედეგადაც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეისთვის არსებული ფორმით ბაზრობის ფუნქციონირება მიუღებელია.

„ყველასთვის ცნობილია ელიავას ბაზრობის უსისტემო განვითარებით გამოწვეული პრობლემები. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუ როგორ მოვიქცეთ და რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ არსებული პრობლემა მოგვარდეს. არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს. ეს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც იქ მომუშავეებისთვის, ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად სხვადასხვა ნივთის საყიდლად დადის. ჩვენ მეპატრონეებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა – წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარება. იყო საუბარი მის გადატანაზე ქალაქის სხვა ნაწილში. აღნიშნული მუშაობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება: პირველი, რომ იმ ფორმით დატოვება, როგორც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია და მეორე, ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობას სავაჭრო ზონის სტატუსი შენარჩუნებული აქვს, შესაბამისად, ტერიტორიის გაჯანსაღება მოხდება. ასევე, ბაზრობაზე დასაქმებულ ათასობით ადამიანს ხელი არ შეეშლება და არც საქმიანობა შეეზღუდება.

„ქალაქის განვითარების პარალელურად, სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და მისი ასეთი ფორმით შენარჩუნება, პრინციპულად მიუღებელია, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს არის აქტიური ეკონომიკური ზონა, რომელიც ხელსაყრელი, ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანია, როგორც მოვაჭრეებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის. ერთი წლის წინ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ამ კონკრეტულ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი და შესაბამისად, გვინდა, რომ გენგეგმის ფარგლებში მოხდეს სიტუაციის გაჯანსაღება, გამოსწორდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც გარშემო მცხოვრებ ადამიანებსაც ძალიან აწუხებთ.

განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა გააკეთოს ჩვენმა ურბანულმა სამსახურმა. მასში დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარება. აქ დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი და იმისთვის, რომ არ მოხდეს თემით სპეკულირება და მისი ბოროტად გამოყენება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ხელს არავის ვუშლით და არც საქმიანობას ვუზღუდავთ. გეგმის დამტკიცების შემდეგ, ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად მოხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება. ავარიული შენობების რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება და სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი. დღეს ორ პროექტზე მინდა, მოგახსენოთ. ეს ეხება ორ ძეგლს, რომელიც ავარიულ და უმძიმეს მდგომარეობაშია. პირველი – ეს არის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და მეორე კადეტთა კორპუსი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში, საინჟინრო ქსელები მოწესრიგება, გამაგრდება საყრდენი კედელი და საძირკველი. ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე განახლდება კარ-ფანჯრები. სასახლეს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება სრულდება და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„როდესაც წინაასარჩევნოდ კადეტთა კორპუსი დავათვალიერე, ვერ წარმოიდგენთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო და არის დღესაც. იქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელია და საფრთხის მატარებელია. კედლებს შორის დიდი დაცილება, უმძიმესი მდგომარეობა არსებობდა. მოსახლეობას დავპირდით, რომ კორპუსის სრული რეაბილიტაცია და მოწესრიგება მოხდებოდა. ჩვენ ვასრულებთ ამ პირობას და ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ვანდალიზმის ფაქტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პრობლემის წინააღმდეგ, ერთიანი ბრძოლაა საჭირო.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტები ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან სამუშაოებში, რომელსაც ვახორციელებთ, დიდი ძალისხმევა იდება, რათა ყველაფერი ლამაზი, მაღალი ხარისხის და მოწესრიგებული იყოს. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს ქალაქი ყველასია. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, გვექნება ერთსულოვნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. იმ პროექტებით, რომელიც ქალაქში ხორციელდება, ყველამ უნდა ისარგებლოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, თუ სხვა პარტიის მხარდამჭერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას ფოტომასალა წარუდგინა, სადაც ასახულია, თუ როგორ დააზიანეს ჭავჭავაძის გამზირზე ახლადდამონტაჟებული ბოძკინტები.

„ჩვენ ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს და ძალიან კარგი პროექტი გამოდის, სამუშაოების პარალელურად, ტროტუარის მოწესრიგება დავიწყეთ, რომელიც ფილებით მოპირკეთდება. ვიცით, რამხელა პრობლემას წარმოადგენდა ტროტუარის საპარკინგე ზონად გამოყენება. ამ დროს, ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება ეზღუდებოდათ. შესაბამისად, სპეციალური დგარებით, იგივე ბოძკინტებით ტროტუარის ჩაკეტვა გადავწყვიტეთ, თუმცა ერთ ღამეში, დაახლოებით, 32 დგარი მოჭრეს და გაანადგურეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მანქანით აზიანებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი, მოჭრეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა.

„კონკრეტული პარტიის წევრებს სოციალურ ქსელში გამოტანილი ჰქონდათ ეს ფოტოები და საუბრობდნენ, თუ როგორი უხარისხოა იქ ჩატარებული სამუშაოები. გულდასაწყვეტია ეს მიდგომა. ზოგადად, ეს დგარები ახალია და თანამედროვე მასალისგან არის დამზადებული. ეს არის პოლიმერიული სპეციალური მასალა, რომელიც ასეთი პროექტების განხორციელებისთვის გამოიყენება. მგონია, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ის რაც ქალაქში კეთდება, ყველასია და რაც პრობლემაა, ამასაც ერთიანად უნდა ვებრძოლოთ. პოლიტიკა ცოტა ხნით გადავდოთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რადგან ამ ქალაქში ოჯახებით ვცხოვრობთ და ის, რაც კეთდება, ჩვენი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და მომავლისთვის არის განკუთვნილი. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით გავერთიანდებით და ვანდალიზმის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ სამგორის რაიონში მდებარე წმინდა ბარბარეს უბანში 10 440 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 600 ათას ლარს შეადგენს.

„სამგორის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელიც წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 600 ათას ლარს შეადგენს. ჯამში, 10 440 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მთლიანად მოწესრიგდება. ასევე, მოეწყობა გრუნტის დამჭერი ორი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე. პროექტის შედეგად, იქ არსებული მდგომარეობა მთლიანად გამოსწორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებული ის ფოტოც წარმოადგინა, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ფრაგმენტულად შესრულებული საგზაო სამუშაო იყო ასახული.

„ვფიქრობ, ყველას გეცნობათ ეს ფოტო, რომელიც ძალიან პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს ოპონენტებში. აქ სამუშაოები კომპანია GWP-მ აწარმოა. ტერიტორიაზე ფრაგმენტული დაზიანება იყო. სამუშაოების განხორციელების შემდეგ, მოქალაქეების ჯგუფმა გზის დახაზვის სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, თუ როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა, სამგორის რაიონის გამგეობა და როგორ დახაზვებს აკეთებს. ხედავთ, რა დონეზე არიან დასული და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ პროექტი მზად გვქონდა და ველოდებოდით მხოლოდ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რათა სამუშაოები დაგვეწყო. ასეთ ხუმრობას ზოგიერთმა ტელეკომპანიამ სიუჟეტებიც კი მიუძღვნა. სად არიან ხომ ხვდებით. თითქოს, ამაზე მეტი პრობლემა არ გვქონდეს თბილისში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პლატფორმას – „შენი იდეა ქალაქის მერს“ კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს, რომელიც მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსის მოწყობას ითვალისწინებს. ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ მიწის ნაკვეთი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას გადაეცემა. კახა კალაძის განცხადებით, პროექტის განხორციელებით, თბილისის გზებსა და ქუჩებში საკმაოდ გავრცელებული უკანონო რბოლების პრაქტიკა აღიკვეთება.

„ჩვენ გვაქვს საინტერესო პლატფორმა – „შენი იდეა ქალაქის მერს“. როდესაც დავიწყეთ საუბარი ამ იდეაზე, თავიდან ინტერესი იყო, თუმცა შემდეგ მინელდა და მოქალაქეების აქტიურობა ნაკლები იყო, თუმცა შემოვიდა კიდევ ერთი საინტერესო წინადადება, რომელმაც ხმათა საკმარისი რაოდენობა დააგროვა. განვიხილეთ ეს კონკრეტული პროექტი და მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება. საქმე ეხება სამგორის რაიონში, 91 642 კვ.მ მიწის ფართობის საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისთვის გადაცემას. ისინი მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსის მოწყობას განახორციელებენ. პრობლემაა ის, რომ განსაკუთრებით ღამის საათებში, როცა ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება, ქალაქში ე.წ. რბოლებს აწყობენ. ეს სერიოზული საფრთხის შემცველია და დისკომფორტია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბავშვები ჰყავთ, ისვენებენ და მეორე დღეს სამსახურში წასასვლელად ემზადებიან. ხმაური და არეულობა კი სერიოზულ პრობლემას ქმნის. მულტიფუნქციურ კომპლექსში, რომელიც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისთვის გადაცემულ ნაკვეთზე აშენდება, იქნება ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რბოლები და სხვა შეჯიბრები, არა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, არამედ ამისთვის სპეციალურად შექმნილ სივრცეში გაიმართოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის თანახმად, ფედერაცია ვალდებულებას იღებს, 1 419 500 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. დედაქალაქის მერმა „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსზეც ისაუბრა, რომელშიც თბილისი მონაწილეობს. ხმის მიცემის პროცედურა დღეს სრულდება.

„იცით, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში. თბილისი ერთ-ერთი კონკურსანტია, დღეს კი ხმის მიცემა სრულდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მეგობრებს, თანაქალაქელებს, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს დედაქალაქს. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის შესაძლებლობები. აღნიშნული პლატფორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო, თბილისი მთელ მსოფლიოში იქნება ცნობილი. როდესაც ტურისტები ნახავენ, რომ თბილისი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა, რა თქმა უნდა, მასზე უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ და ჩვენთან მეტი ადამიანი ჩამოვა, მეტი თანხები დაიხარჯება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასაც. მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, ვიაქტიუროთ და ხმა მივცეთ ჩვენს დედაქალაქს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც დღემდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. შესაბამისად, მინდა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარმოგიდგინოთ, რომელიც დღემდე, ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს ელექტროსისტემაში მუშაობდა. პროფესიით გახლავთ ინჟინერი და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, შემართება ხელს შეუწყობს და დაეხმარება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა გიორგი აბუთიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0