მონოგრაფიული გამოცემის „საქართველო – ღვინის აკვანი“ პრეზენტაცია

25/04/2016

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში ცნობილი ქართველი მეღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტის, ბონდო კალანდაძის ახალი მონოგრაფიული გამოცემის „საქართველო – ღვინის აკვანი“ პრეზენტაცია გაიმართა.
600-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი გამორჩეულია თავისი შინაარსით და შედგება ოთხი განყოფილებისგან: „ფესვები“, „მე-19 საუკუნე“, „მე-20 საუკუნე“ და „21-ე საუკუნე“. მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ქართული ღვინის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. მასში პირველად ქვეყნდება მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ინფორმაცია, გამოცემა მდიდარია ვიზუალური მასალით.
ბონდო კალანდაძის ავტორობით გამოცემულია 10 მონოგრაფია. ავტორი დაჯილდოებულია წარმატებული მეღვინის ოქროს მედლით, არის მეღვინეობის დარგში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მის მიერ შექმნილია 50-ზე მეტი ლიქიორ-არყის რეცეპტი.
წიგნის პრეზენტაციას ვეტერანი მეღვინეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ღვინის კომპანიებისა და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, წიგნი გამორჩეულია უნიკალური მასალებით, მრავალფეროვნებითა და შინაარსით.
„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, ჩვენ ვუმასპინძლეთ ვეტერან მეღვინეებს. ბატონ ბონდოს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი წიგნი აქვს წარმოდგენილი, საოცარი მასალებით დაკომპლექტებული, რასაც ნამდვილად დიდი შრომა სჭირდება. აქ არის ინფორმაცია, რომელიც არ იყო აქამდე ასე ხელმისაწვდომი, რაც მთავარია, გუნდთან ერთად ბატონი ბონდო მუშაობს ახალ წიგნებზე. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი ლიტერატურა უფრო მეტი იყოს და გადაეცეს ახალ თაობებს“ – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის აზრით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში აღნიშნული გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბატონმა ბონდომ არაერთი წიგნი მოამზადა მეღვინეობაზე. ამ გამოცემამ განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშოს ინფორმირების თვალსაზრისით. ძალიან კარგია, რომ მეღვინეობას შემორჩა ასეთი მემატიანე ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ფურცელზე გადაიტანონ ქართული მეღვინეობის ისტორია“ – აღნიშნა დეპუტატმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, აღნიშნული წიგნი ხელმოსაწვდომი უნდა გახდეს ფართო მასებისთვის.
„ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ტრადიციები ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. ეს წიგნიც სწორედ იმისთვის დაიბეჭდა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი უძველესი კულტურის მქონე მეღვინეობის ისტორია. წიგნში არის ახალი და უნიკალური ფოტოები, ფაქტობრივად 8 ათასი წლის წინ დაწყებული დღევანდელ დღემდე. წიგნი აუცილებლად უნდა ნახონ ფართო მასებმა, საქართველოში ყველას უნდა ჰქონდეს ეს წიგნი“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ბონდო კალანდაძეს საპატიო სამკერდე ნიშანი გადასცა ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზისთვის მეღვინეობის შესახებ სპეციალიზირებული ლიტერატურის გადაცემის გამო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0