მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება

25/12/2019

მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება. დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. როგოც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა პირველადი ჯანდაცვა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

„ჩვენი ჯანდაცვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებლად იქნება იმ ხარისხის რა მოთხოვნებიც აქვთ ჩვენს პაციენტებს, იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. მე ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, მოხდება ექიმების გადამზადება, ასევე კლინიკების ინფრასტრუქტურის და ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით მუშაობის დაწყება, დაწესდება ხარისხის კონტროლის მექანიზმებიც. ცვლილებები შეეხება, როგორც სოფლებს ასევე დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებით, შესაძლოა 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე კი 5.3%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა.
მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, უკვე ჩამოყალიბდა, ტელემედიცინის შესაძლებლობების ბაზისური და შედარებით მაღალგანვითარებული მოდელები, მობილიზებულია საინფორმაციო ინფრასტრუქტურა და უკვე მარტიდან შესაძლებელია სოფლად დაიწყოს ბაზისური ტელემედიცინის მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმის და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის განვითარებისთვის ტელემედიცინის შესაძლებლობების გამოყენებას.

“ასევე არის კონკრეტული ცვლილებები დიდ ქალაქებში პირველადი ჯანდაცვის ობიექტებიდან მოსახლეობის გადანაწილების მიმართულებით, რაც ჩვენთვის არის მთავარი მექანიზმი პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. რათა ხარჯების მიმართვა მოხდეს ისეთი დაწესებულებებისკენ, რომელთაც აქვთ ტრადიციული, სტანდარტული პირველადი ჯანდაცვის პაკეტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღევანდელ ღონისძიებაზე, სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომაც. სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის თქმით, იგეგმება გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია, რაც უფრო გაამარტივებს და გააადვილებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, ამასთანავე მოხდება კონტროლის ზრდა წამლების ხარისხზეც, მათი ლაბორატორიულად უფრო ხშირად გადამოწმების გზით. ზაალ კაპანაძემ მედიკამენტების ფასის რეგულირების ნაწილზეც ისაუბრა, მისი თქმით, ფასის რეგულირება მსოფლიოში ყველგან ხდება, როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი გზით.

„დღეს კონკრეტულად ვერ გეტყვით რა ფორმას აირჩევს სამინისტრო და სააგენტო ამ მიმართულებით თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გასატარებელია გარკვეული ღონისძიებები და შესაძლებელია, რაღაც ეტაპზე, არაპირდაპირი რეგულაციის მიმართულებით ნელ-ნელა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ მოხდეს ბაზარზე წამლის ფასის დარეგულირება“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მათ უსაფრთხოებაზე და ხარისხზე მუშაობაა.

„წამლის რეგულირების კუთხით, მთავარი ამოცანა იქნება შევისწავლოთ იმ წამლების ხარისხი, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ბაზარზე არსებობს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს სანდოობა და ასევე უსაფრთხო წამალზე ხელმისაწვდომობის საშუალება. რაც შეეხება ფასებს ეს არის უკვე შემდგომი ნაბიჯი, იმის შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება გარანტირებულად მაღალი ხარისხის მედიკამენტები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0