მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში, დაახლოებით, 120,0 მლნ ლარი დარჩა კომპანიებში, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს 500 მლნ ლარი იქნება ის თანხა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩება ეკონომიკაში. „ეს კი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ინვესტიციებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების შედეგად, განვლილ 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143,8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269,7 მლნ ლარით (30,9%) აღემატება.
„ესეც დამატებითი კონტრიბუციაა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ ზრდაში. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები და პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „აგროკრედიტები“ და სხვა. აღნიშნული პროექტებიც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.