ბიუროს სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, ასევე ყველა იმ მოკავშირე სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ამ რთული დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ეხმარება, რომ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, დავიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორც ხედავთ, ის ღონისძიებები, რაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ, შედეგიანია. შედეგი არის ის, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება. პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ – ხელისუფლება ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველაზე ადრეულ შესაძლებელ ვადებში მოხდეს ვაქცინაციის დაწყება. რა თქმა უნდა, ეს კავშირშია ასევე ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების გააქტიურების პროცესთან, იმ შეზღუდვების მართვის პროცესთან, რომელიც ამ პერიოდში გვქონდა დაწესებული. ჩვენ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. ხვალ გვექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებულ დინამიკას და ასევე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ცხოვრების მიმართ ხორციელდება ამ მომენტისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, რომ არჩევნების შემდეგ მათ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე.საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ვადა, რომლის განმავლობაშიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას ეს საკითხი, იწურება. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ ჩვენი პოლიტიკური, სახელისუფლებო გუნდის პოზიცია: რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს ზუსტად ისე დაკომპლექტებული და მუშაობდეს ზუსტად ისეთი სახით, როგორც ის ხალხმა აირჩია. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს და მადლობას ვუხდი ფასილიტატორ ელჩებს, ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა. ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 8 ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით იცვლება მიდგომა.
„ეს ინიციატივა, განხილულ იქნა ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ნარკოდანაშაულთან მებრძოლ უწყებათაშორის კომისიის ფარგლებში და, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა. შესაბამისად, მას გაუჩნდება მცირე ოდენობა და შესაბამისი იქნება უკვე სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ამ კატეგორიის ნივთიერებებთან მიმართებაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნება, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მწარმოებლების მოთხოვნაა სახელმწიფომ გაიზიაროს შესაძლო დამდგარი ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პროცესს არ ჩამოვრჩეთ და რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა. უცილობლად შეუცვლელი პირობაა ის, რომ მას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია მწარმოებლების მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ გაიზიაროს შესაძლო დამდგარი ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, თუკი ეს არ იქნება განპირობებული მწარმოებლის, იმპორტიორის, კლინიკის ექიმის შეცდომით და ვფიქრობ, რომ ასეთი მზაობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარვადგინოთ კოვაქს-პლატფორმაზე. ასეთი საკანონმდებლო ჩანაწერები გაკეთდა არაერთ ქვეყანაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში. ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს მაღალი ხარისხის ვაქცინა და რომ ჩვენ ამ პროცესს არ ჩამოვრჩეთ, ორ-სამ დღესაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა, საერთო გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ინტერესით, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე პანდემიასთან დაკავშირებულ გადაადგილების რეგულაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, მისასალმებელია პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების, ცალკეული კომიტეტების, პარტიის ლიდერების ჩართულობა მთავრობის მიერ დაფუძნებულ საკოორდინაციო საბჭოში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს საკოორდინაციო საბჭოზე. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტი მუდმივად არის ამ დისკუსიაში ჩართული. ხვალ იგეგმება გაფართოებული სხდომა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრებიან. მაშინ როდესაც კოვიდ პანდემიის პირველი ტალღა იყო, რომელიც დამანგრეველი იყო მსოფლიოში არაერთხელ ისმოდა რომ დიასპორას სჭირდებოდა საკოორდინაციო საბჭოში ჩართულობის საშუალება,“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განხილვის თაობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი, „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააცნო კოლეგებს.
„ამ ვიზიტის მნიშვნელობა და არსი იყო ისიც რომ, ბუნებრივია ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ევროპელი კოლეგების, ევროპელი პოლიტიკოსების ასევე ევროპაში საზოგადოებრივი აზრის და განწყობების ჩამოყალიბებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ მხარდაჭერის მობილიზებისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ პოზიტიურია განწყობები და იმედისმომცემია, რომ საქართველო ნამდვილად შეძლებს იმ მხარდაჭერის მოპოვებას, რაც ჩვენ გვესაჭიროება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროპარლამენტის წევრები თვალყურს ადევნებენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისინი არიან დაინტერესებული იმ პოლიტიკური პროცესებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ბრიუსელში არის ჩამოყალიბებული ხედვა, რომ არჩევნები რომელიც საქართველოში ჩატარდა, იყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და დემოკრატიული, შესაბამისად ევროპელი კოლეგებისთვის არის აბსოლუტურად გაურკვეველი ბოიკოტის რეჟიმი რა რეჟიმშიც დღეს ქართული ოპოზიცია იმყოფება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.
„ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ჯარისკაცებს ყველას, ვინც აგვისტოს ომის მსხვერპლი იყო, მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც 21 იანვარს ევროპულ სასამართლოში დადგა. ჩვენ პირველად დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს. თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ ის დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს. ძალიან კარგია, რომ ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები ვმსჯელობთ იმაზე თუ რა ძალისხმევა იქნა გაწეული ამ დავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში, როგორ იმუშავეს უწყებებმა, იქნება ეს პროკურატურის ტიტანური შრომა, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო, რომლის გარეშეც იუსტიციის სამინისტროს მაშინ გაგვიჭირდებოდა ამ დავაზე კოორდინაცია და ჩვენი დიპლომატები და სხვა უწყებები. მათ მოვუსმინოთ თუ რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა. რადგან დავა უკვე დასრულებულია საზოგადოებას უფლება აქვს, რომ გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ეს ინფორმაცია მიიღოს. ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი და კომიტეტები ამ პროცესს კონკრეტულ ფორმას მისცემენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.
„მხარს ვუჭერ თეა წულუკიანის ინიციატივას, რომ პარლამენტში გავმართოთ კომიტეტების გაერთიანებულ ფორმატში მოსმენა იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგში დავის მოსაგებად საქართველოს მხარემ გასწია. მართლაც მასშტაბური სამუშაოა ჩატარებული. ეს არის ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, ქმნის კიდევ უფრო მეტ საფუძველს და გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მშვიდობიანი საერთაშორისო სამართლებრივი პროცესით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. ეს ამ კუთხით შეუფასებლად დიდი მნიშვნელობა აქვს სტრასბურგის გადაწყვეტილებას და მინდა კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტის სახელით ყველა იმ თანამდებობის პირს და საჯარო მოხელეს, ვინც შეძლეს მტკიცებულებების შეგროვება, მათი დამაგრება საქმეებზე, მათი დოკუმენტირება და წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში, ვინც შეძლეს საქართველოს ინტერესების ჯეროვნად წარმოდგენა ევროსასამართლოში და ამ საქმის გამარჯვებაში თავისი წვლილის შეტანა, გადავუხადო მადლობა. ეს მართლაც არის დიდი საქმე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ვთხოვ კომიტეტებს, რომ კონსულტაცია გამართონ მთავრობის შესაბამის წევრებთან და შევარჩიოთ ის თარიღი, როდესაც საზოგადოებას მივაწვდით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას, სინამდვილეში რა სამუშაოები გაიმართა, რომელ წელს რა მტკიცებულებების შეგროვება და წარდგენა მოხდა სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო დეტალურად იქნას განხილული სტრასბურგის მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რეალურად რაზე საუბრობს და რა პერსპექტივას აძლევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 27 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.