მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს კომფორტულ გარემოში დასვენების შესაძლებლობა

07/03/2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში წლის ბოლომდე ახალი სკვერი მოეწყობა. ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა სახის ღონისძიების გატარებას გულისხმობს. მათ შორისაა – საბავშვო-გასართობი, მოსასვენებელი და გამწვანების ზონების მოწყობა, შადრევნისა და განათების სისტემის მონტაჟი. აგრეთვე, რეკრეაციულ სივრცეში დაიდგმება მოსასვენებელი სკამები და ურნები. ბეტონის ფაქტურით კეთილმოეწყობა სკვერის ბილიკი, ტერიტორია კი ლითონის კონსტრუქციით შემოიღობება.

„გასულ წელს ჩვენი რეგიონის მასშტაბით 30-ზე მეტი სკვერის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა. აღნიშნული მიმართულებით პროექტები ახლაც მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს კომფორტულ გარემოში დასვენების შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ მიზნით, რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი, წლის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე კვლავ გაგრძელდება.“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0