მიხეილ ჯანელიძის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არ იცნობენ მის კომპეტენციას, – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია.
ბაქრის თქმით, ქანთარიას ამ განცხადებას არ გასცნობია. “მე ამ განცხადებას არ გავცნობივარ, მაგრამ კომპეტენციაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არ იცნობენ ამ პიროვნებას, არ იცნობენ მის კომპეტენციას. მიხეილ ჯანელიძე არის ძალიან კომპეტენტური, მათ შორის, სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელების თვალსაზრისით”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხარე ყოველთვის მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის და მთავარი საკითხი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.
მიხეილ ჯანელიძის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მის კომპეტენციას არ იცნობენ
27/01/2016