მიხეილ ჯანელიძე RSM-ის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

20/05/2016

2016 წ. 19–20 მაისს ნატო–ს შტაბ–ბინაში ქ. ბრიუსელში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission) ფორმატის შეხვედრაზე. შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა განიხილეს ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა.
ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში, რაც გამოიხატება არასაბრძოლო მისიის განხორციელებით, რომლის მთავარი მიზანია ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა და მომზადება.
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას 2016 წლის შემდგომ.
მინისტერიალის მსვლელობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ალბანეთის, ნორვეგიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0