მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

17/02/2018

​საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიუნხენის კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრთან ფუ იანგთან.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც მიღწეული იქნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივ ურთიერობებში. მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას და განსაკურებით აღნიშნეს მისი მნიშვნელობა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დიდი პოტენციალი „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის რეალიზაციის პროცესში. მიხეილ ჯანელიძემ ფუ იანგს გააცნო საქართველოს მთავრობის გეგმები ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით, რაც გულისხმობს საგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოს დიდ შესაძლებლობებს – იქცეს ევროპასა და აზიის საკომუნიკაციო ჰაბად. აღინიშნა, რომ ჩინეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად, თავის მხრივ ჩინეთის ეროვნული კრების წარმომადგენელმა ისაუბრა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის დიდ პოტენციალზე, რისი საუკეთესო მაგალითია ქართული ღვინო. მხარეები მიესალმნენ ჩინეთის ეროვნულ კრებასა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0