მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს კომისარს შეხვდა

05/05/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს კომისართან გიულა ბუდაისთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს. დაფიქსირდა საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების სურვილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის“ შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე დასრულდება და შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღინიშნა, რომ შეთანხმების გაფორმება შექმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ორმხრივი ინვესტიციებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

გარდა ეკონომიკური ურთიერთობებისა, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. გიულა ბუდაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების თაობაზე.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გიულა ბუდაის უნგრეთის მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების სათანადოდ დაფასებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0