მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

12/10/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ტრადიციული შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ელჩებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი პროცედურების განხორციელების პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. კმაყოფილებით აღინიშნა ევროკავშირის წვერი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ელჩებმა მიულოცეს საქართველოს დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარება და აღნიშნეს, რომ ეს ქვეყნის მიერ დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენელი საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიური ჩართულობის გამო. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ხელისუფლების მზაობა, ასეთივე დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0