მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

19/05/2016

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერს.

შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ მთავარ საკითხებზე – მათ შორის, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, ისევე როგორც სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან რუსეთის მხრიდან დადებული ე.წ. ‘ხელშეკრულებების’ იმპლემენტაციის სავალალო შედეგებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის ძირითადი ინსტრუმენტის, მნიშვნელობაზე. მიხეილ ჯანელიძემ კვლავაც გაუსვა ხაზი მოლაპარაკებებში ქართული მხარის შედეგზე ორიენტირებული და კონსტრუქციული მონაწილეობის მზაობას და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0