საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრები გამართეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჟოლტ ჩუტორასთან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მონაწილეობის მიზნით ესტუმრა.
შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალური საკითხების განხილვას. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკა და დაფიქსირდა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.
ორმხრივი ურთიერთობების გარდა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის დროულად ამოქმედების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ჟოლტ ჩუტორამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ერთგულ მხარდამჭერად რჩება.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჟოლტ ჩუტორას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ უნგრეთის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის.
მიხეილ ჯანელიძე ჟოლტ ჩუტორას შეხვდა
28/05/2016