2016 წლის 6-7 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა.
დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალგირდას ბუტკევიჩიუსთან, სეიმის თავმჯდომარესთან ლორეტა გრაუჟინიენესთან, ვიცე-სპიკერთან გედიმინას კირკილასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან.
შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.
მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლიტვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის სხდომის მუშაობაში, რის შემდეგაც ხელი მოეწერება კომისიის დასკვნით ოქმს.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „საქართველოს ევროპული გზა“.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე პატივს მიაგებს და გვირგვინებით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიტვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს. ასევე ეწვევა პაჟაისლისის მონასტერს კაუნასთან, სადაც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულ მონასტერს გადასცემს საქართველოს ეროვნული არქივის კირიონ II-ს პირად ფონდში დაცული დოკუმენტების ასლებს.