მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით დავოსს ეწვია

20/01/2016

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით დავოსს ეწვია, სადაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის შემადგენლობაში „მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს“ დაესწრება.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს სესიებში ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა; ახალი ეკონომიკური ხედვა უკრაინისთვის; ევროპის მომავალი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მმართველ დირექტორთან ფილიპ როსლერთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაოლო ჯენტილონისთან და მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფურევსურენ ლუნდეგთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრებს ტონი ბლერთან, ვიქტორია ნულანდთან, ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ვერნერ ჰოიერთან, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იოჰან შნეიდერ ამანისთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან კარიმ მასიმოვთან.

ფორუმის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მიწვეულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილზე.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ბოლო დღეს დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0