საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჯანელიძემ ევროპელ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიებების და ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული აქტივობების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული ვითარების, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის დროულად გადაწყვეტის მნიშვნელობას. ევროპელმა დიპლომატებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით შეასრულა და ახლა საჭიროა ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
გარდა ამისა, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური დირექტორების შეხვედრის დადებითი ტრადიცია.
მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორს შეხვდა
23/09/2016