საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციების ECO, ECLAS, ESCAP, ESCWA, UNECE მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა მდგრადი განვითარების ამოცანებს და მათ მიღწევაში ცალკეული რეგიონების როლს.
მაღალი დონის ღონისძიება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ნეპალის, ნამიბიის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, არაბთა ლიგის მდივანი, მექსიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმებზე მდგრადი განვითარების ამოცანების მისაღწევად. მან ღონისძიების მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა რეგიონული თანამშრომლობის, საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში საქართველოს მონაწილეობის, ვაჭრობის ლიბერალიზაციის, ეკონომიკური ზრდის, ენერგო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად, ქვეყანამ რთულ გარემოში წარმატებით მოახერხა გზის გაკვლევა და იგი ყალიბდება ბიზნეს საქმიანობისა და სატრანზიტო ფუნქციებით რეგიონალურ ჰაბად.
მან მადლობა გადაუხადა აზიისა და ოკეანეთის საკითხებში გაერო-ს ეკონომიკურ კომისიას მდგრადი განვითარების მიზნების რეგიონალურ კონტექსტში განხილვის ინიცირებისთვის და იმედი გამოთქვა რომ გაეროს ფარგლებში ცალკეული ინიციატივები ხელს შეუწყობს რეგიონების კიდევ უფრო დაახლოებას და მათი პოტენციალის სრულად ათვისებას.