კასპში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში იცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, სასმელი წყლის, წყალარინებისა და ელექტრო გაყვანილობის შიდა სისტემები. მოეწყობა სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
“მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ჯანდაცვის ცენტრი იყოს კეთილმოწყობილი და სრულად აკმაყოფილებდეს სამუშაო პირობებს. კასპს მალე სწორედ ასეთი შენობა ექნება, სრულად განახლებული, ინფრასტრუქტურულად გამართული და ადაპტირებული. სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და შემოდგომისთვის უკვე დასრულებულ სახეს მიიღებს.“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
შენობის რეაბილიტაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახორციელებს, რისთვისაც, ჯამში, 130 944 ლარი განისაზღვრა.