სასტუმრო „ბეტსიში“ მიწის ნეიტრალური დეგრადაციის მიღწევის მიზნით, ეროვნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციისა და გლობალური მექანიზმის მიერ გლობალური მხარდაჭერის პროგრამა შეიქმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს განსაზღვრონ ეროვნული მიზნები მიწის ნეიტრალური დეგრადაციის მიღწევისათვის. საქართველოც სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩაერთო გლობალურ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში ეროვნულ დონეზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანია შეაფასოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიწის რესურსებთან მიმართებაში, შეიმუშავოს ეროვნული მიზნები და ღონისძიებები მიწის ნეიტრალური დეგრადაციის მიღწევისათვის. 2015 წელს გლობალურმა საზოგადოებამ დაამტკიცა „მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი” და მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG). მე-15 მიზანი მოუწოდებს ქვეყნებს, რომ დაიცვან, აღადგინონ და ხელი შეუწყონ ხმელეთის ეკოსისტემების მდგრად გამოყენებას, ტყის მდგრად მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას და შეაჩერონ მიწის დეგრადაცია და ბიომრავალფეროვნების კარგვა. 15.3 ქვემიზანი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად -„გაუდაბნოებასთან ბრძოლა, დეგრადირებული მიწების და ნიადაგების აღდგენა მათ შორის გაუდაბნოებული, გვალვისა და წყალდიდობების გავლენის ქვეშ მყოფი მიწების, რათა 2030 წლამდე მსოფლიომ მიაღწიოს მიწის ნეიტრალურ დეგრადაციას“. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამდივნოს მიერ შემუშავდა ახალი მიდგომა „მიწის ნეიტრალური დეგრადაცია“, რომელიც წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ეკოსისტემური სერვისების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი და პროდუქტიული მიწის რესურსების ფართობები სტაბილურია ან იზრდება განსაზღვრული დროისა და სივრცით ფარგლებში. სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირი და მიწის ნეიტრალური დეგრადაციის ეროვნული მიზნების განსაზღვრის მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიწის ნეიტრალური დეგრადაციის მიღწევის მიზნით სამუშაო შეხვედრა
28/11/2016