იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება. მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, ასევე, სამგზავრო დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაუმზადებს.
დღემდე მოქმედი რეგულაციით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის დოკუმენტაციას − დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, პასპორტს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემდა მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიმართვის საფუძველზე; მათი ნაწილი კი ვერ ახერხებს ან არ თვლის საჭიროდ არასრულწლოვანთათვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ამის გამო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვები არ არიან აღრიცხულნი, ვერ იღებენ განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში.
ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მათთვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით, რის შემდეგაც ბავშვები შეძლებენ, მიიღონ განათლება, სამედიცინო მომსახურება და სხვა სერვისები.
საბუთების გარეშე არც ის ბავშვები დარჩებიან, რომელთა ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. ისინი დროებით საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს მიიღებენ. დროებითი დოკუმენტი ერთი წლის ვადით იმოქმედებს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი განმეორებით გაცემა. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა.
ინიციატივის მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას მოზარდების ინტერესები და არ დატოვოს არცერთი მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი დოკუმენტაციის და, შესაბამისად, განათლების, ჯანდაცვისა სოციალური სერვისების გარეშე.
ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებებში მიუსაფარი ბავშვების შესახებ კანონის საფუძველზე შევიდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობის შედეგად მომზადდა და მას საკანონმდებლო ორგანომ მხარი ერთხმად დაუჭირა. კანონი განსაზღვრავს, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას და შემოაქვს ცნება „მიუსაფარი ბავშვი“, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც დაიცვას. დოკუმენტაციის გაცემის პროცესთან ერთად, ახლებურად რეგულირდება და უფრო ქმედითი ხდება არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები. კანონი სოციალური მუშაკის როლის გაზრდას ითვალისწინებს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობისას ექნება უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მოძალადისაგან დაუყოვნებლივ განცალკევების თაობაზე.