რატი ბრეგაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას სისტემაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მიმდინარე გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებზე მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იმერეთის რეგიონის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს. მინისტრმა თანამშრომლების საჭიროებები პირადად მოისმინა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უწყების მიერ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მინისტრის თქმით, თანამშრომლების მხრიდან წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულია, გამოწვევები კი, გადაჭრილი. კერძოდ, განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გათანაბრებულია რეგიონსა და ქალაქში მომუშავე თანამშრომლების ხელფასები. არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა და რეგიონებში სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და იუსტიციის სახლების მშენებლობას უწყება 2023 წელსაც ინტენსიურად ახორციელებს. შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მინისტრმა თანამშრომლების საჭიროებები პირადად მოისმინა
23/02/2023