ფავორიტი არა, მაგრამ ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს – ნახეთ, როგორ მუშაობს დიმიტრი ქუმსიშვილი, დავით სერგეენკო, თუ გინდათ, კახა კალაძე, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩამოუთვლელი დარჩება ძალიან ბევრი მინისტრი და ისინი ნაწყენები დარჩებიან.
”რამდენიც გნებავთ იმდენი არიან, რომლებიც პირველ რიგში იცავენ სტანდარტებს. მინისტრებს შორის გრადაცია შეიძლება გააკეთო მენეჯმენტით და პროფესიონალიზმით, მაგრამ სტანდარტებს ყველა იცავს. რამდენსაც გინდა, იმდენს დავასახელებ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში უამრავი გაჭირვებულია და ამიტომ ნაკლებად ჩანს მინისტრების ეფექტურობა.
”ეკონომიკა 4-5ჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს და ამას ხალხი ამჩნევს. ვიზალიბერალიზაცია არ მიგვიღია, მაგრამ დღეს საშუალო ქართველიც თავისუფლად მოგზაურობს ევროპაში. ხედავენ, როგორ ცხოვრობენ ევროპელები და რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან, მაგრამ, ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი თავის დადანაშაულება, ეს ჩვენი ერთ-ერთი თვისებაა და ამბობენ სხვაზე – არა, აი ისაა მამაძაღლი და იმის ბრალია. ყველაზე იოლია დააბრალო მთავრობას, კვირიკაშვილს. ასე მარტივად ნუ გავზომავთ. ჩვენზე უარესად ბევრი ცხოვრობს. ნახეთ რეგიონში რა ამბებია, რამდენი კონფლიქტია. როგორ ოსტატურად ავერიდეთ ჩვენ ამდენ უბედურებებს, რაც ტრიალებს რეგიონში და მის გარეთ.
ის, რომ 4 წელიწადში ვერ მოხერხდებოდა მოსახლეობის უმრავლესობის პირობების გაუმჯობესება, ეს თავშივე გასაგები იყო. ამაზე უჭირს მოსახლეობას ანალიზის გაკეთება და ვინაა დამნაშავე? რა თქმა უნდა, მთავრობა და მთავრობის დედა, მაგრამ, არ ვარგა ასე”, – განაცხადა ივანიშვილმა.