მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მარნეულში მომხდარი ტრაგედიის გამო

27/06/2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნგრევის შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მარნეულის მერთან კენან ომაროვთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ნაწილი დროებით გადაყვანილია სასტუმროში. მათ ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს მერია. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილზე მოინახულა დაზარალებულები და მათი საჭიროებები მოისმინა. გიორგი დოხტურიშვილი ასევე იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევის გამო დაშავებული ორი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

“მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მარნეულში მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით მათ ოჯახებში მივიდნენ. უბედური შემთხვევისთანავე, ადგილზე, დაუყოვნებლივ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს, შექმნილია საქმის შემსწავლელი კომისია, დღესვე მივმართავთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს, რათა შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დროულად მივიღოთ დასკვნა.გთხოვთ, მომხდართან დაკავშირებით მოსახლეობას მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია, გავითვალისწინოთ შექმნილი რთული ვითარება და პატივი ვცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. შეგახსენებთ და აქვე დავაზუსტებ, რომ მერიაში შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით განცხადება შესული არ ყოფილა“-განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0