„საქართველოში საუკუნის პროექტი იწყება“ – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულების ძირითადი პირობები გააცნო.
„მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა. უახლოეს დღეებში გვექნება ძალიან დიდი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად გაგაცნობთ ამ ხელშეკრულებას. დღეს მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო – იწყება საუკუნის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელმაც, როგორც პრემიერმა ბრძანა, მთლიანად უნდა შეცვალოს გეოპოლიტიკა, მთლიანად უნდა შეცვალოს ლანდშაფტი ჩვენს რეგიონში და უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი გავაათმაგოთ“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს. მისი მთავარი უპირატესობები – სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოვებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები შექმნის რეალურ საფუძველს, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია ახალი აბრეშუმის გზის კორიდორში და, ამავდროულად, იქცეს საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭედ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და საბოლოო ჯამში მისი გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში.
პროექტი საქართველოში შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრეინინგ ცენტრს“ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში. ხელშეკრულებით დადგენილია იმ ტრეინინგების ნუსხაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო.
მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო – საუკუნის პროექტი იწყება
29/09/2016