მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, — ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია. ნათია თურნავას განცხადებით, იგივე შეეხება გაზის მომარაგებას სისტემას — იქნება ეს სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანია თუ კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიები.
„ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და განვაცხადო — ქალბატონებო, ბატონებო, დავიცვათ სიფრთხილე, დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ჩვენი ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის“, — აღნიშნა ნათია თურნავამ.