2022 წლის დეკემბრიდან მიმოქცევაში საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული მარკა გაეშვა. მარკის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი. ქართული მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა.
„მიმოქცევაში გაეშვა საქართველოსა და იტალიის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მარკა, რომელიც საიუბილეოა და მასზე დატანილია ბიჭვინთის საკათედრო მონასტერი, რომელიც ესკიზის სახით აღწერა მე-17 საუკუნეში იტალიელმა მისიონერმა, ქრისტეფორე დე კასტელმა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები ფასდაუდებელია საქართველოს ისტორიისთვის და მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. ამ მარკის გამოცემა ხელს შეუწყობს ქართველი და იტალიის ხალხის მეგობრობის განმტკიცებასა და გაღრმავებას“ – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.