„პოლონეთი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არა მხოლოდ წევრი, არამედ ორივე კავშირის ძალიან მნიშვნელოვანი თანამონაწილე და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და სტანისლავ კარჩევსკიმ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მარშალის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„შეიძლება, თამამად ითქვას, რომ წლევანდელი წელი იყო ისტორიული პოლონურ-ქართული ურთიერთობების თვალსაზრისით. წელს შედგა პირველი ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა პოლონეთსა და საქართველოს შორის, რაც ძალიან კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის. პარლამენტის სახელით, მინდა, მადლიერება გამოვხატო პოლონეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს თავისუფლების და ერთიანობის მხარდაჭერისთვის. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იმ ზოგადი მხარდაჭერისა, რომელსაც ვგრძნობთ პოლონელი ხალხის და პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენს ხალხებს ძალიან კარგად ესმით თავისუფლების ფასი და ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის ეროვნული თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მეგობრობისა და პარტნიორობის ფასი. ამ კუთხითაც, პოლონელებსა და ქართველებს მსგავსი ისტორია აერთიანებს და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი, რომელიც ჩვენს ორ ხალხს და ორ სახელმწიფოს აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ელჩი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
„პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ელჩი და მუდმივად მხარს დაუჭერს მის მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისა, პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს მთავარი ადვოკატი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ, მრავალმხრივ ურთიერთობებშიც, ხაზი გავუსვათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.