მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე, ხოლო მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათას ლარამდე გაიზარდა

04/06/2020

მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად მუშაობდა ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვაც.

„ცვლილებები იქნება „აწარმოე საქართველოში”, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ. ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მე გამოვყოფ მხოლოდ ერთს, რაც ასევე მნიშვნელოვანია – მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად მუშაობდა ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე. ეს არის ასევე პირდაპირი დახმარება იმ ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან, ამ გაურკვევლობაშიც დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვაც. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ.

„გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ „აწარმოე საქართველოში” ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების მეშვეობით, პირდაპირ მივლენ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული და იმის მაგივრად, რომ ჩვენი მოქალაქეები, ფერმერები, მეწარმეები, იმის მაგივრად, რომ ჩამოსულიყვნენ თბილისში და აქ, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერკვიათ ამა თუ იმ პროგრამის დეტალები, ახლა ეს პროგრამები იქნება ადგილობრივ დონეზე რაიონში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოქალაქეები ეფექტურად გამოიყენებენ’, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0