მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო ვალდებულებას სრულად ასრულებს

18/04/2016

მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო ვალდებულებას სრულად ასრულებს, – განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. მინისტრი გამოეხმაურა გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასა და თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში შესაძლოა ახალი პირობები ჩადოს.

„მე არა მგონია, რომ ამ ინფორმაციას რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე და ეს გადაწყვეტილება არის დადებითი საქართველოსთვის. რაც შეეხება მიგრანტებთან დაკაშირებით საქართველოს ვალდებულებას, საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, რაც კი საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა სუბარმა.

ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. ამის შესახებ გერმანული „დი ველტი“ წერს. გამოცემა ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
„დი ველტის“ ინფორმაციით, მსგავსი პირობები შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც.
გავრცელებული ცნობით, საკითხის განხილვას 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0