საუკუნეებია საქართველო ელოდებოდა იმ დღეს, რომელიც რამოდენიმე თვეში იქნება განხორციელებული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის ვადებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მთავარი არის ის, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და ვიზალიბერალიზაციას მიიღებს.
”მთელი უბედურება ისაა, რომ პოლიტიკოსებისგან ყოველთვის ითხოვთ რაღაც თარიღებზე საუბარს და თუ მერე ამ თარიღებში ვერ სრულდება, ხდება პასუხისმგებლობაზე ხაზგასმა. ვიზალიბერალიზაცია იქნება უცილებლად. საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. სამწუხაროდ, დრო აღმოჩნდა ისეთი, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. მათ შორის ეს არის მიგრაციის პრობლემა ევროპაში და შიდა პრობლემებს ამასთან კავშირი არ აქვს. ევროკავშირს აქვს უამრავი გამოწვევა და მას სჭირდება დამატებითი მექანიზმები, რათა მიგრაციის პრობლემები იყოს მართვადი ევროპაში. ამიტომ, მათ სჭირდებათ სწრაფი შეჩერების მექანიზმი. მემგონი მშვიდად უნდა ვუყუროთ ამას. საუკუნეებია საქართველო ელოდებოდა იმ დღეს, რომელიც რამოდენიმე თვეში იქნება განხორციელებული. ამიტომ, სექტემბერი იქნება, ოქტომბერი თუ აგვისტო, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ არ მოხდება ამის უარყოფა და დავიწყება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.