მთავრობის სხდომაზე „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს

25/12/2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, მუშაობა დაასრულა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, პირველ რიგში გულისხმობს არაერთი მიმართულებით ევრორეგულაციებთან დაახლოებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ იმ ვალდებულებების შესრულებზე, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად აქცევს და, ამავდროულად, ქვეყანას ექნება თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული მარეგულირებელი სისტემა. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7-თან დასაახლოებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. საბოლო ჯამში, ახალმა კანონმა, უნდა უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს მათ შემცირებას და ხელს უწყობს მისი პოტენციალის შენარჩუნებას. ახალი კანონის მიღებით, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, საქართველოში განისაზღვრება მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების – მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საბინადრო გარემოს ნუსხა, რომელიც დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. რაც შეეხება ეროვნულ „წითელ ნუსხას“, ის გახდება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხის ანალოგიური. შესაბამისად, „წითელი ნუსხა“ იქნება საქართველოში გავრცელებული ყველა სახეობის პოპულაციების მდგომარეობის აღწერის და შეფასების ინსტრუმენტი. ამავდროულად, კანონპროექტი ქმნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოში ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიების დაარსებისა და მართვისათვის; ასევე, მოიცავს ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და მართვის საკითხებს, ადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსის მინიჭებას და ასევე განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების კატეგორიის – იუნესკოს გლობალური გეოპარკის დაარსების და მართვის საკითხებს. კანონპროექტი მოიცავს „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნითა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) და გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ამ რესურსებით სარგებლობის პირობებს.
კანონის ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2026 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება, გარკვეული ნორმების ძალაში შესვლა კი 2027-2029 წლებში მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0