მთავრობის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს გარდაქმნა რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად

07/02/2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი დღეს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სამთავრობო პროგრამის განხილვისას ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელები გააცნო, ასევე ისაუბრა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებისა და ასპექტების, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მან ასევე აქცენტები გააკეთა დარგობრივ რეფორმებსა და ადგილობრივი წარმოების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.

„14 დეკემბერს ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რაც ნიშნავს, რომ არსებითად იცვლება საქართველოს განვითარების სურათი და პერსპექტივები. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტს და სფეროს მოიცავს, რა თქმა უნდა, მათ შორის ეკონომიკასაც – ეს არის ახალი შესაძლებლობები, ახალი განვითარება და პროექტები, გაზრდილი ინვესტიციები და შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველომ არამხოლოდ შეძლო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის:გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. ამასთან, 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს.
2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას – 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა – გასულ წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. წინასწარი შეფასებით, 2023 წელს დაფიქსირდება უმუშევრობის მინიმალური დონე, ასევე რეკორდული იქნება დასაქმების დონეც. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი იქნება სიღარიბის შემცირება, დასაქმების ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.
კერძო სექტორის, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ეკონომიკის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის ხელშეწყობის და ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მიზნით.
2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააგრძელებს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, სააგენტო კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, გააგრძელდება მუშაობა კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 2-3 ფონდის მხარდაჭერა, ჯამური მოცულობით – 70 მილიონ ლარი. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით კი, პროგრამით დამატებით ისარგებლებს 250 პროექტი, დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს გარდაქმნა რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად და ამ კუთხით არსებული რეალური პოტენციალის ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს და შესაბამისად, ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე.

„სწორი, სწრაფ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ბოლო წლებში არსებული ეკონომიკური პროგრესი, ასევე მიმდინარე დარგობრივი რეფორმები მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ჩვენ ღირსეულად გავივლით და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან მისი სრულფასოვანი წევრის რანგში გადაინაცვლებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0